2013 წლის 8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის პლენარულ სხდომაზე.

თავის გამოსვლაში მაია ფანჯიკძემ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები და ხედვები UNESCO-ს პრიორიტეტებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული  ამოცანების მიმართებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე.

გენერალური კონფერენციის 37-ე სესია ქ. პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში იმართება 5-20 ნოემბერს. გენერალური კონფერენცია დაამტკიცებს ორგანიზაციის პროგრამასა და ბიუჯეტს, განსაზღვრავს საშუალოვადიან სტრატეგიულ მიმართულებებს. გენერალური კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია არჩევნები ორგანიზაციის მმართველ და დამხმარე ორგანოებში, სადაც საქართველოს დაყენებული აქვს კანდიდატურა ბიოეთიკის სამთავრობოთაშორისო კომიტეტში არსებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. გენერალური კონფერენციის მსვლელობისას გაიმართება ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევნებიც. აღნიშნულ პოსტზე აღმასრულებელი საბჭოს მიერ ნომინირებულ იქნა  ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ირინა ბოკოვა.გენერალური კონფერენცია ასევე დაამტკიცებს იმ ღირშესანიშნავი თარიღების სიას, რომლებიც 2014-2015 წლებში აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღიც-აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე, რომელიც 2015 წელს აღინიშნება.

19-20 ნოემბერს გენერალური კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მსოფლიო მემკვიდრეობის 1972 წლის კონვენციის წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეა, რომელის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით.