2013 წლის 20 ნოემბერს ქ. პარიზში დასრულდა UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 37–ე სესია (5-20 ნოემბერი). გენერალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც სიტყვით გამოვიდა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე. თავის გამოსვლაში მაია ფანჯიკიძემ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები და ხედვები UNESCO-ს პრიორიტეტებსა და ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებულ ამოცანებთან მიმართებაში. ამასთანავე, გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა მაია ფანჯიკიძის შეხვედრა UNESCO–ს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან.
გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა ორგანიზაციის 2014-2021 წლების სტრატეგია და 2014-2017 წლების პროგრამა და ბიუჯეტი. ამავდროულად, სესიის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები ორგანიზაციის მმართველ და დამხმარე ორგანოებში. საქართველო მეორე ვადით (2013-2017წწ.) გახდა იუნესკოს ბიოეთიკის მთავრობათაშორისი კომიტეტის (IGBC) წევრი.
გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2014-2015 წლებში აღინიშნება UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღიც: - “აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე“, რომელიც აღინიშნება 2015 წელს.